ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივმა ვეტერანებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გამართეს.
მათ გუშინ „ჩაიხანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პარტიის მხარდამჭერებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას „ზღაპრებს უყვება“ და აცხადებს, რომ თითქოს მათი მხარდამჭერები სცემეს.
თუმცა, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, ინფორმაცია აბსოლუტურად განსხვავებულია და მომხდარში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან დამნაშავე.
„ორი ვერსია არსებობს, ერთი ნამდვილი და მეორე -„ქოცების“. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არწმუნებს, რომ „ჩაიხანაში“, 17:00 საათზე, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი 50 აქტივისტი შიგნით პლაკატს აკრავდა, რა დროსაც 50 ადამიანს შეუვარდა ერთი ადამიანი, ამ სოფლის მკვიდრი და დაუწყო ცემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ზღაპარი. ახლა რა მოხდა რეალურად – ეს ადამიანი აქ ჩაის სვამდა, 50 ადამიანი შეუვარდა, ჩაკეტეს კარები და დაუწყეს ცემა. ნაცემია თვითონ, მეპატრონე და რამდენიმე ადამიანი, ვინც იქ ჩაის სვამდა, მშვიდობიანი მოსახლეობა. როდესაც ჩვენ მოვედით, ეს ადგილი პოლიციის მიერ იყო შემოღობილი და სასწრაფო დახმარებამ ნაცემ ხალხს დახმარება აღმოუჩინა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ზღაპრის მეორე ნაწილია, რომ ამის შემდეგ, რაც ეს გაშუქდა, მიიყვანა საავადმყოფოში ხალხი, რომლებიც თურმე ნაცემი იყვნენ“,-აღნიშნავს შაშკინი.
მისი თქმით, არც სასწრაფო დახმარებას და არც პოლიციას „ქართული ოცნების“ არც ერთი ნაცემი აქტივისტი არ დაუნახავს.
ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორ შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.