გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან, – ასე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას.
როგორც თამარ ჟვანია აცხადებს, მომხდარი „ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ“.
„გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ჟვანიამ.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.