ბოკუჩავა: სოფელ დიღომში “ოცნების“ შტაბი ე.წ. კანონიერი ქურდის „გლეხოვიჩის“ წარმომადგენლის მიერ იყო გახსნილი

941

„ერთიანი საქართველოს“ ოფისში დღეს ოპოზიციის ხმების დაცვის გაერთიანებული შტაბის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ წინასაარჩევნოდ ოპოზიციონერ მხარდამჭერთა დაშინებასა და მათ მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს. მათ დაასახელეს „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის წევრები – ლაშა ცუცქირიძე და ნინია ცისკარიშვილი. მათივე თქმით, შტაბი უახლოეს დღეებში ოფისს გახსნის და დიღომში განთავსდება.

„ერთი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბმა, რომლის ხელმძღვანელიც არის ზვიად კუპრავა, გამოავლინა, რომ ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ქურდულ სამყაროსთან. კერძოდ, სოფელ დიღომში „ქართული ოცნების“ შტაბი გახსნილი იყო ლევან ბაღდასარიანის მიერ, რომელიც არის ზაალ მახარობლიძის, ცნობილი კანონიერი ქურდის, რომელიც 10 წელია არ იმყოფება საქართველოში და ცნობილია, როგორც „გლეხოვიჩი“, წარმომადგენელი საქართველოში. ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ, აღნიშნული ოფისი დაიხურა. „ქართულ ოცნებას“ მოუწია ოფისის დახურვა და ფეიკდაკავების აქტის დადგა ლევან ბაღდასარიანის წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც ის გათავისუფლდა. მაგრამ მთავარი მოხდა ამის შემდეგ, როდესაც განხორციელდა მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმები საბურთალოს ოფისის წევრების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი არის ნინია ცისკარიშვილი. ასევე, განხორციელდა თავდასხმა ლაშა ცუცქირიძეზე.

ეს თავდასხმები, რომელიც ხორციელდება ამ კანონიერი ქურდის სახელით, რომელიც მოქმედებს ტანდემში ივანიშვილის რეჟიმთან, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციური წევრების დაშინება და მათი აქტიურობის შეზღუდვა. მათ სურთ, როგორც კრიმინალების ოფისი დაიხურა სოფელ დიღომში, ასე დაიხუროს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები. გაფრთხილებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი ოფისი, არც ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისი არ დაიხურება, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ კანონიერად, თქვენ კი თანამშრომლობთ ქურდულ სამყაროსთან და „კანონიერ ქურდებთან“. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული თავდასხმები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.