თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ენმ-ის წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს

505

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლაშა ცუცქურიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. “ნაცმოძრაობის” წევრი, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ ფაქტი თბილისში, პეკინზე მოხდა, როდესაც ცუცქირიძე სახლში ბრუნდებოდა.

კუპრავას განცხადებით, ეს იყო თავდასხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე და ამაში ის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“დაახლოებით 10 საათზე შტაბიდან წამოვიდა მის დასთან და მეუღლესთან ერთად. სახლთან როგორც კი  მანქანა გააჩერა და ჩამოვიდა, დაესხა თავს ორი ნიღბიანი უცნობი პიროვნება, კასტეტებით შეიარაღებული და გაუსწორდნენ ფიზიკურად. შემთხვევა მოხდა პეკინზე. გამოძიება დაწყებულია”, – ამბობს ზვიად კუპრავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.