გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატს არ დაუყენებს

634

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს.

ფორმულასთან საუბრისას ბარამიძე განმარტავს, რომ მის კოლეგა სალომე სამადაშვილს ოპოზიციის კანდიდატ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენება არ უგულისხმია, არამედ მხოლოდ “უსაყვედურა” მას.

“აბსოლუტურად უსაფუძვლოა [ეჭვი, რომ ენმ დააყენებს დიდუბეში კანდიდატს], რადგან არცერთს არ უთქვამს, რომ შეიძლება განვიხილოთ ეს. არც სალომეს უთქვამს, რომელმაც უსაყვედურა ზურას [ჯაფარიძეს] პირდაპირ ეთერში”, აცხადებს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვება უნდა, ენმ-ის ლიდერსა და მის ამომრჩეველს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს.

ბარამიძემ, ასევე განმარატა სააკაშვილის ნათქვამი “პოლიტიკანებზე და პარტიუკებზე”, რომ მათ ლიდერს არ უგულისხმია ამაში არც გირჩი და არც სხვა ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტების მაგიდიდან”.

“ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ ოლქში, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს წარსულის მენტალიტეტი გიორგი ვოლსკი. […] არ გვინდა, ამ ოპოზიციონერმა ისე გაიხადოს თავი, რომ ოპოზიციური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა, რაც არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, არ მისცეს მას ხმა, რაც გამოიწვევს, რომ იგი დამარცხდება.

ზურაბ ჯაფარიძეს ვურჩევთ, ზედმეტ ეჭვიანობას თავი დაანებოს. მე მოვისმინე, იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვიწოდა პოლიტიკანები, პარტიუკები და ა.შ. ვინმე დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა სახელი და გვარით? თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეა პოლიტიკანი და პარტიუკაა გირჩი? რატომ იღებენ თავის თავზე?

აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მიემართებოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს”, – ამბობს ბარამიძე.

დღეს, 25 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა, მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს.

“გვინდა მივმართოთ “გირჩის” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია დიდუბე-ჩუღურეთში, ვფიქრობთ, რომ მისი განცხადება იყო შეცდომა. თუ ჯაფარიძეც ასევე ფიქრობს, უპრიანი იქნება, რომ მან პირადად მიმართოს ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და განმარტოს თავისი პოზიცია, თუ გნებავთ ბოდიში მოიხადოს”, – აცხადებს სამადაშვილი.

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სალომე სამადაშვილის პასუხისას აღნიშნა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენმ-ის მხარდამჭერების ხმები და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჯაფარიძის თქმითვე, შეურაცხყოფა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, როდესაც მან ოპოზიციური პარტიები “პარტიუკებად” მოიხსენია.

“სალომე სამადაშვილმა საკითხი დააყენა ასე, რომ მე სიმართლის საუბარს უნდა დავანებო თავი თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხმების მიღება მინდა. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. შეურაცხმყოფელი ეს იყო”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მოგვიანებით, სალომე სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, “თუ ფიქრობთ, ის [ზურაბ ჯაფარიძე] დაჭრილია ფეხში და ვერ მოიკრებს ამომრჩევლის დიდ ნაწილს, თუ ვოლკის დამარცხება გინდათ ამ კონკრეტულ ოლქში, მაშინ რა გადაწყვეტილებას მიიიღებს პარტია?” – სამადაშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე პარტიაში იმსჯელებენ.