თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, გამოსახლებისას მომხდარი დაპირისპირებისას აღსრულების პოლიციამ სამართალდამცველების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელის შეშლის გამო, 3 პირი, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავა., – განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.
„აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2019 წელს შემოვიდა. პანდემიის პროცესში გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო, თუმცა ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მხარეებთან, მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით, შეხვედრები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან. ის თანახმა იყო მოვალეს უძრავი ქონება გამოესყიდა. ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საჩუქრად საცხოვრებლი სახლის მცირედ ნაწილს, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შესაბამისად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და დღეს გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ, დაკავებულია 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელის შეშლის გამო. ისინი გადაყვანილები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.