“გირჩის” ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, რომ მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი.
ეს თავდასხმები რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის. თუ რაიმე შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტონია, სადაც ის ჩვენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. მე მსგავსი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამომიყენებია,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ ფორმულას” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა:
“ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა, მეორე ფრონტი გახსნას და ჩვენს ლიდერებს თავს დაესხას, რაზეც პასუხს არ ვცემთ, მაგრამ წითელი ხაზი არსებობს და ეს ჩვენი ამომრჩეველია. ამ ხალხის შეურაცხყოფაზე ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზურაბ ჯაფარიძემ ჩვენს მხარდამჭერებს მიმართოს და დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ შეცდა და რეალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხის აზრი. თუ გნებავთ ბოდიშიც მოიხადოს, მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს”.
20 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარტიულ კოალიციას არ ხედავს.
ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ამ განცხადებაზე ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში სხედან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად.