„ნაცმოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს გაკეთებული განცხადების გამო მათ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადოს

413

„ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, საქმე ეხება განცხადებას, რომლის დროსაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.

„კარგად იცით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მხოლოდ 3 ოლქში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა, მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს. ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა მივმართო „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია – მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა, რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტავს თავის პოზიციას. მოიხადოს ბოდიში,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

სამადაშვილს არ დაუკონკრეტებია პირობის არშესრულების შემთხვევაში, კვლავ დაუჭერს თუ არა ენმ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

20 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარტიულ კოალიციას არ ხედავს.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ამ განცხადებაზე ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში სხედან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად.