სალომე სამადაშვილი: ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას “პოლის ჯოხი” რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს

539

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ “პოლის ჯოხი” [რუსული ტერმინი, ნიშნავს იატაკის საწმენდ ჯოხს] უფრო მეტ ხმას აიღებს, ვიდრე “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან კომენტარში ასე უპასუხა მან “გირჩის” ლიდერთან დაწყებულ დავას და ეჭვს იმაზე, რომ, შესაძლოა, მას კონკურენტად დაუდგეს მაჟორიტარულ ოლქში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს ენმ-ის ამომრჩევლის ხმები მისთვის საინტერესო არ არის, შეცდომაა და უნდა განმარტოს, რა იგულისხმა. ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.

23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში “გირჩის” ლიდერმა განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან “ნაციონალურ მოძრაობას” 25 ოლქი არ უნდა შეხვედროდა. მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქები რომ პროპორციულად განაწილებულიყო, ენმ-ს ნახევარი ან ნახევარზე მეტი ოლქი შეხვდებოდა და არა 25, რადგან ამაზე მეტყველებს რეიტინგები.

ჯაფარიძის ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტუდიაშივე უპასუხა და თქვა, რომ რეიტინგებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, ჯაფარიძე დღეს ვერც ერთ ოლქში ვერ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი. დეპუტატის თქმით, ის, რომ ჯაფარიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, მისთვის ენმ-სგან საჩუქარია.

დისკუსიის პროცესში სამადაშვილმა ჯაფარიძეს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ტაქტიკით თავადვე ამცირებდა დიდუბის ოლქში არჩევნების მოგების შანსს, რაზეც გირჩის ლიდერმა უპასუხა — “ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები”.

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართა ორი დღის შემდეგ პრესკონფერენცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძემ ამომრჩეველს ბოდიში უნდა მოუხადოს.