მარნეულის მერიის თანამშრომელმა ირმა ზარქუამ, რომელიც 2 ივლისს, მარნეულის ბაზარში კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში ფლაიერების დარიგების აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მანრეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვასა და კიდევ ათამდე პირის მიმართ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ირმა ზარქუამ რადიო „მარნეულისათვი“ კომენტარის მიცემა არ ისურვა.
„პირადად მე არ მაქვს ვალდებულება თქვენ რაიმე კითხვაზე გიპასუხოთ. ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე რა, ოღონდ ჩემგან ვერაფერს გაიგებთ რადგან არ ვენდობი თქვენს ტელევიზიას და ხელმძღვანელობას“. – განაცხადა ირმა ზარქუამ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტთან საუბრისას
რადიო „მარნეულისაგან“ განსხვავებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მარნეულის მერიის თანამშორმელი ირმა ზარქუა კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია „იმედთან“. იმედზე გასულ სიუჟეტში ზარქუა აცხადებს, რომ 2 ივლისის აქციის შემდგომ სამირა ბაირამოვამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა მას მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილები მისწერეს, რის გამოც მან სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
„შაბათს მარნეულში, შემთხვევით შევხვდი სამირა ბაირამოვას, რომელიც ჩემთვის მიუღებელი შინაარსის ფლაერებს არიგებდა. მასთან კამათი მომივიდა და მე ის ხელით შემეხო, ორჯერ ხელი მკრა, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალები არსებობს. ამის შემდეგ ჩემზე სოციალურ ქსელში ხორციელდება ბულინგი, ასევე მომდის შეურაცხმყოფელი მესიჯები. სწორედ ამასთან დაკავშირებით პოლიციაში მივდივარ. ვარ საჯარო მოხელე, მაგრამ ეს საუბარი არასამუშაო დროს იყო და მე კანონს არ ვარღვევდი. ჩემ მიმართ მიმდინარეობს შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამიტომ მე მას პოლიციაში ვუჩივლებ“, – აღნიშნა ირმა ზარქუამ „იმედთან“ საუბრისას
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მას ჯერ არ დაკავშირებიან, ამიტომ არ იცის თუ კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მიმართა ზარქუამ პოლიციას.
„მარტო მედიაკომენტარიდან მაქვს ინფორმაცია და ალბათ მალე იქნება ჩემთვისაც ცნობილი. როგორც ავღნიშნე, ორი ივლისის მოვლენების შემდგომ საჩივრის შეტანა მქონდა გადაწყვეტილი რადგან ხელი შემიშალეს ჩემ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაში, მათ გამო მარნეულის ბაზარში დაგეგმილი შეხვედრა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ასევე, ამ ადამიანებისაგან ფსიქოლოგიური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ქალური სოლიდარობა გამოვაცხადე და თავი შევიკავე განცხადების შეტანისაგან. მიუხედავად ამისა, ირმა ზარქუა უკვე გადავიდა ჩემს პირად შეურაცხყოფაზე და უკვე პირადი ტრაგედიით უნდოდა ჩემი დამცირება და მას შემდეგ გადავწყვიტე რომ ამ ადამიანისათვის მეჩივლა. მას შემდეგ, რაც მან უყურა ჩემს კომენტარს ამ საკითხზე, გადაწყვიტა რომ თავადაც მიემართა სამართალდამცველებისათვის. ჩემი კომენტარი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა და ზუსტად ერთ საათში ამავე არხზე გამოაცხადეს, რომ ზარქუა ჩვენ გვიჩივიდა“. – აცხადებს სამირა ბაირმაოვა
სამირა ბაირამოვას განმარტებით, ის აუცილებლად აპირებს ირმა ზარქუას წინააღმდეგ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. ორ ივნისს აქციის ორგანიზატორები კი საერთო სარჩელით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვასაც გეგმავენ.
რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება პასუხს, თუ რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება. ინფორმაციის მიღების შემდგომ მასალა განახლდება.
აღსანიშნავია, რომ 2 ივლისს, მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდებოდა და ბუკლეტებს არიგებდა. აქტიური მოქალაქეები ადგილობრივებს ევროკავშირის ღირებულებებზე და იმ ნაბიჯებზე ესაუბრებოდნენ, რაც საქარველომ ვროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გააკეთოს. ამ პროცესში აქტივისტებს ხელი შეუშალეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.