ტარიელ ნაკაიძე: “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს

535

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ქედაში პროდუქტს არიგებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ქედაში, “ოცნების” ოფისში უკვე მიტანილია საკვები, რომელსაც მოსახლეობას დღეს დაურიგებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  

როგორც ტარიელ ნაკაიძე ამბობს, ხელისუფლება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხმების მოგროვებას ამ გზით ცდილობს. ნაკაიძე მოსახლოებას მოუწოდებს არ აიღოს ხელისუფლების დარიგებული პროდუქტი, რადგან როგორც ის ამბობს “ქართულ ოცნებას” საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

11 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები დატვირთული ავტომანქანიდან „ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბში. აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიასაშუალებებითაც.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ რისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული პროდუქტი, დაუკავშირდა N30-ე (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

გამომდინარე იქედან, რომ ფაქტი ვიდეოკადრებით დასტურდება, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბმა“ ცესკოს მოუწოდა “გადაამოწმოს, რისთვის მომარაგდა ქედაში „ქართული ოცნების“ შტაბი დიდი ოდენობით პროდუქტით, რათა აღნიშნული არ იქნეს გამოყენებული ამომრჩევლის მოსყიდვისათვის”.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ საკვების დარიგებას. ქედა არ იქნება პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რადგან ქობულეთში, წინასაარჩევნოდ ბოსტნეული უკვე ორჯერ დაარიგეს.

ცნობისთვის, კიტრის, პომიდვრისა და მწვანილები დარიგების პირველი შემთხვევა  ქობულეთში 5 აგვისტოს დააფიქსირეს. ინფორმაცია მაშინაც ადგილობრივმა ბონდო თედორაძემ Facebook-ზე გაავრცელა.

მოგვიანებით კი ფაქტი აჭარის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

მეორედ – 10 აგვისტოს.

ცეცხლაურის საბავშვო ბაღის შენობიდან, ქართული ოცნება არიგებს კიტრს, პომიდორს და ბულგარულს… #თორნიკერიჟვაძე #ზაალმიქელაძე ბიუჯეტის თანხით ხალხის მოსყიდვა და საარჩევნო პიარი წესად გექცათ?!” – დაწერა მაშინ ქობულეთის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მორაობიდან”, ბონდო თედორაძემ Facebook-ზე და შესაბამის ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა.