დღეს, 11 სექტემბერს, სოციალურ ქსელ facebook-ში მოქალაქე იზო ბარამიძემ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები დატვირთული ავტომანქანიდან „ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბში. აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიასაშუალებებითაც.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ რისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული პროდუქტი, დაუკავშირდა N30-ე (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს. „მე თბილისში ვარ, არ ვიცი იქ რა ხდება. რავიცი ვინ მიიტანა ბრინჯი და მაკარონი, ან რაში მჭირდება“, – განუცხადა მედია-კლუბს ბოლქვაძემ.
ორგანიზაცია ინფორმაციის მიღებას ბოლქვაძის შტაბის ხელმძღვანელისგან, ამირან ცინცაძისგანაც შეეცადა, თუმცა, მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მასთან შემდგომი კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.
გამომდინარე იქედან, რომ ფაქტი ვიდეოკადრებით დასტურდება, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მოახდინოს ფაქტის გადამოწმება და პრევენციული რეაგირება, რათა აღნიშნული არ იქნეს გამოყენებული ამომრჩევლის მოსყიდვისათვის.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს შესწავლასა და მონიტორინგს საქართველოს მედია-კლუბი ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.