ადიგენის საოლქო: ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება

422

წინა სტატია

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქეთევან ობოლაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილია, კომისიის მეექვსე წევრად ყოფნის უფლება აქვს. მისივე თქმით, ამით ობოლაშვილი კანონს არ არღვევს, შესაბამისად, საოლქო მას არ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეექსვე წევრად ქეთევან ობოლაშვილის ცესკოს მიერ დანიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბში გააპროტესტეს. მათი თქმით, ქეთევან ობოლაშვილი ვერ იქნება ობიექტური და სამართლიანი კომისიის წევრი, რადგან მისი ბიძაშვილი ანტონ ობოლაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატია ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში.

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი „ნაციონალების“ პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის და რომც იყოს, ქეთევან ობოლაშვილს მასთან ნათესაური კავშირის გამო კომისიის წევრად ყოფნა არ ეკრძალება.

„საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, რომელიც შეარჩია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არავითარი შეზღუდვა არ აქვს. რომელი ჩანაწერით, რომელი მუხლით უნდა ვიხელმძღვანელო?! არ არის სადმე ჩანაწერი, რომ არ შეიძლება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრს ნათესაური კავშირი ექნება საარჩევნო კანდიდატთან, მან ღიად უნდა განაცხადოს ამის შესახებ: „ჩანაცვლება არ მოხდება სხვა კომისიის წევრით, იმიტომ, რომ ამას კანონი არ კრძალავს. ასეთ შემთხვევაში, ეთიკის კოდექსი ავალებს კომისიის წევრს, საჯაროდ დააფიქსიროს კანდიდატთან ნათესაური კავშირი. დაწერს განცხადებას, ღიად, თვალნათლივ დააფიქსირებს, რომ მიუხედავად ამისა, ვიქნები ჩემს გადაწყვეტილებაში ობიექტური, მიუკერძოებელი და დავიცავ კანონს-ო“, – განმარტავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს მოუწოდებენ, ქეთევან ობოლაშვილი ნეიტრალური პიროვნებით ჩაანაცვლოს.