TI: „ოცნების“ შემწირველების და თანამდებობის პირების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ სამცხე-ჯავახეთში

584

„საერთაშრისო გამჭირვალობა–საქართველოს“ განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში და სახელწმიფო შესყიდვებში, სამცხე–ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სუბიექტების ჩართულობა აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭიროა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო დაინტერესდეს, შეისწავლოს ფაქტები და დაადგინოს, რამდენად შეიცავს აღნიშნული კორუფციის სავარაუდო ნიშნებს.

„საერთაშრისო გამჭირვალობა–საქართველოს“  მიერ ჩატარებული კვლევით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოევებულმა პირებმა და მათმა კომპანიებმა (17–მა სუბიექტმა), 2018–2020 წლებში „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2 240 794 ლარი მიიღეს, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს  სახელმწიფო შესყიდვებით 4 733 891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 594 400 ლარი შეწირა.

„ოცნების“ შემწირველები

შპს „ტაო 2052-მა“ 2020 წელს, „აწარმოე საქართველოდან“, სასტუმროს განვითარებისთვის 36 442 ევრო მიიღო. კომპანიის 50%-50% წილის მფლობელმა ვაჟა უსანეთაშვილმა და ილია შონიამ, „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, 2017-2021 წლებში,  6-6-ჯერ, ჯამში, 334 400 ლარი შეწირეს. ორივე მათგანი 30 000 – 30 000 ლარით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველიც იყო. შპს „ტაო 2052”-თან საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წელს 6 პირდაპირი შესყიდვა გააფორმა, ჯამში, 5 147 ლარზე.

შპს „ბაკურიანი ინნ“-ს  სასტუმროს განვითარებისთვის „აწარმოე საქართველოდან“ სუბსიდიის სახით, 2019 წლის იანვარში 354 635 ლარი დაერიცხა, 2020 წელს კი – 59 979 ევრო. ასევე, კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა ჯამში 1 738 794 ლარზე.  2018 წლის ოქტომბერში კომპანიის  20% წილის მფლობელმა, პაატა კოკაიამ სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შეწირა[1].

შპს „ჰოლიდეი ინ ბაკურიანმა“ სასტუმროს განვითარებისთვის, 2019 წლის მაისში  291 835 ლარი, 2020 წელს კი – 28 090 ევრო მიიღო. კომპანიის მფლობელმა მიხეილ ჯანჯალიამ 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა.

შპს „რიო 2012”-მა სასტუმროს განვითარებისთვის,  „აწარმოე საქართველოდან“, 2020 წელს, 1 443 დოლარი მიიღო. ამ კომპანიის დირექტორი და 50% წილის მფლობელი კობა გელაშვილი, 2014 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“. „რიო 2012”-მა 2017 წლიდან დღემდე 16 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 1 699 980 ლარზე. 1 675 980 ლარის ღირებულების 11 შესყიდვა მან 2020-2021 წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის მიიღო. კობა გელაშვილის შვილმა, ჭიჭიკო გელაშვილმა, „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის აგვისტოში 5 000 ლარი შეწირა.

ქეთევან კოპაძემ „აწარმოე საქართველოდან“ სასტუმროსა და ტურიზმის განვითარების მიზნით 2018-2020 წლებში სამ ეტაპად, ჯამში, 21 028 ლარი მიიღო. ქეთევან კოპაძე „ქართული ოცნებიდან“ ახალციხე-ადიგენის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის მეუღლეა. გიორგი კოპაძემ „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის აგვისტოში 10 000 ლარი შეწირა.

შპს „საფირმა“, სასტუმროსთვის 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში, ორჯერ, სულ  50 027 ლარი მიიღო, 2020 წელს კი – 35 424 ევრო დაერიცხა. კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა გიორგი ტალახაძემ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირა.

შპს „დემეტრე და კომპანიამ“ სამშენებლო მასალის საწარმოს შესაქმნელად, 2018 წლის აპრილში „აწაროე საქართველოდან“  437 495 ლარი მიიღო. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი დემეტრე თათეშვილია. მისმა ერთ-ერთმა კომპანიამ – შპს „არალმა“ 2017 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირა, თავად დემეტრე თათეშვილმა კი, 2021 წლის აგვისტოში – 50 000 ლარი. შპს „არალის“ შესაძლო კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმდინარე წლის მაისში წერდა.

ყოფილი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები

თორნიკე შარაშენიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია 2012 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით ეკავა. საჯარო სამსახურის დატოვებიდან ხუთ თვეში, მისმა მეუღლემ, მარიამ ჯანჯალიამ, რომელიც 2016 წლიდან შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სპეციალისტად მუშაობდა, ბაკურიანში სასტუმრო შპს „ბაკურიანი 39“ გახსნა. კომპანიის დირექტორი თორნიკე შარაშენიძეა, 5% წილის მფლობელი – მარიამ ჯანჯალია. შპს „ბაკურიანი 39-მა“, დაფუძნებიდან ერთ თვეში, „აწარმოე საქართველოდან“ სასტუმროს განვითარებისთვის 202 861 ლარი, ერთი წლის შემდეგ  კი 31 926 ლარი მიიღო, რამაც  ჯამში 234 878 ლარი შეადგინა.

ნოდარ ბალახაშვილმა, რომელსაც 20142018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის მრჩეველი იყო, 2018 წელს, „აწარმოე საქართველოდან“ 20 000 ლარი მიიღო. მასთან, 21 სახელმწიფო შესყიდვაზე 2018-2020 წლებში ხელშეკრულებები სულ 129 552 ლარზე გაფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა. აღნიშნულ შესყიდვებში შესაძლო კორუფციული ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის ივნისში წერდა.

მიხეილ ძაგანიამ, რომელიც 2014-2018  წლებში თბილისის მერიის შპს „ჰერმესის“ დირექტორი იყო, „აწარმოე საქართველოდან“,  2020 წელს 9 325 ევრო მიიღო სასტუმროს განვითარებისთვის.

შპს „გი ენ ენ ი-ს“ 2020 წელს „აწარმოე საქართველოდან“ სასტუმროსთვის 19 279 დოლარი დაერიცხა. მისი 50% წილის მფლობელი ნანული იმედაშვილი, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორის, ვაჟა გელაშვილის მეუღლეა. ვაჟა გელაშვილს ეს პოზიცია 2008 წლიდან უკავია. მისი მეუღლის სასტუმროსთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2014-2017 წლებში 18 580 ლარის ჯამური ღირებულების 5 პირდაპირი შესყიდვა გააფორმა. ვაჟა გელაშვილის მეუღლე 50% წილს ფლობს ბაკურიანში მდებარე კიდევ ერთ სასტუმროში, შპს „ნეოლგრანდიში“, რომელსაც  2020 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის 10 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, ჯამში 909 000 ლარზე.

რევაზ მუმლაძემ 2020 წელს სასტუმროს განვითარებისთვის, „აწარმოე საქართველოდან“  31 503 დოლარი მიიღო. ამავე წელს, მის სასტუმრო  „თრეველ თაუნთან“ (100% წილს რევაზ მუმლაძე ფლობს), საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსების მიზნით, 7 პირდაპირი შესყიდვა, ჯამში 237 534 ლარზე გააფორმა. რევაზ მუმლაძე ბაკურიანში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი იყო. იგი 2012 წლის თებერვალში ბაკურიანში მიწის უკანონოდ დასაკუთრების ბრალდებით დააკავეს, 2013 წლის 13 იანვარს კი სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა და 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც 2013 წლის  დეკემბრამდე მუშაობდა.

გიორგი გელაძემ კვების ობიექტისთვის 2018 წელს, „აწარმოე საქართველოდან“ 11 400 ლარი მიიღო. გიორგი გელაძის მამა, ზაზა გელაძე, 20142016 წლებში ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი კოპაძე პარლამენტში ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა „ქართული ოცნებიდან“, გელაძე მის ბიუროში დასაქმდა.

ვლადიმერ ნათენაძემ გეოდეზიური მომსახურებისთვის 2018 წელს „აწარმოე საქართველოდან“ 20 000 ლარი მიიღო. იგი 2016-2017 წლებში ააიპ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ დირექტორი იყო. მან 2019-2021 წლებში საკადასტრო აზომვებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მიიღო , 10 470 ლარის ჯამური ღირებულებით. ორი ტენდერიდან ერთი უკონკურენტოდ მოიგო, მეორე კი – კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

გიორგი თეგეტაშვილმა საოჯახო სასტუმროსთვის 2018 წელს „აწარმოე საქართველოდან“ 9 000 ლარი მიიღო. მას 20142015 წლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

2018-2020 წლებში „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 271 სუბიექტზე 6 705 099 ლარის სუბსიდია გაიცა. აქედან, დაახლოებით, 2 240 794 ლარი (33.4%) „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა მიიღეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, „ქართული ოცნების“ შემწირველებისა და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა როგორც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

 


[1] კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ვალერი არღვლიანი 2013-2020 წლებში 13 500 ლარით „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველია.