ზუგდიდში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. მას ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებიან, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები.
სხდომა ხმაურით დაიწყო. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, რომელმაც სხდომა ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცეს დეპუტატთან ერთად გახსნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელბორკილი გადასცეს და უთხრეს, რომ ის “ხმების ქურდია” და არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს.
“მირანდა მესხს სიმბოლურად გადავეცით ბორკილები. მან ყველა ზუგდიდელს მოპარა არჩევანის თავისუფლება, ეს დანაშაული კი ისჯება კანონით. ქალბატონი მირანდა აუცილებლად აგებს პასუხს და წავა ციხეში”, – თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
საუბარია არჩევნების მეორე ტურზე 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც ოპოზიციის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცესკოში “ოცნების” წარმომადგენლებმა დალუქული ბიულეტენები გახსნეს და შედეგები გააყალბეს.
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო სავარაუდოდ, დღეს თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, რადგან “ნაციონალურ მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მმართველ გუნდს კი უმრავლესობა არ აქვს. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გახარიას გუნდის წევრები. მათ სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ენმ-მ მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა მირანდა მესხი, რომ ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა და მათ შორის, ხმებიც სწორედ “ოცნების” წარმომადგენელს მიუთვალეს შეგნებულად.
ზუგდიდის მეხუთე მოწვევის საკრებულოში მმართველ პარტიას უმრავესობა არ აქვს. 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი, 20-ით “ქართული ოცნება”, ხოლო 3-ით “გახარია – საქართველოსთვის”.