მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა “ოცნებას” 76 000 ლარი შესწირეს

801

ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა „ქართულ ოცნებას“ აგვისტოში ჯამში 76 000 ლარი გადაურიცხეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ანტონ ობოლაშვილის დამ, მეუღლემ და ცოლის დამ „ქართულ ოცნებას“ თანხა 27 აგვისტოს შესწირეს. ქეთევან ობოლაშვილმა 6 000 ლარი, ლია ობოლაშვილმა 60 000 ლარი, ხოლო თამარი მერაბიშვილმა – 10 000.

ჯამში „ქართულ ოცნებამ“ მხოლოდ აგვისტოს თვეში მილიონ ნახევარ ლარამდე შემოწირულობა მიიღო. 2020 წლის ექვსი თვის მონაცემები კი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, ასე გამოიყურება:

1.”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 4,720,251 ლარი;
2. “ლელო საქართველოსთვის” – 1,494,915 ლარი;
3. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 465,869 ლარი;
4. “ევროპული საქართველო” – 145,900 ლარი;
5. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 144,000 ლარი.