ჩხენკელი: სამცხე-ჯავახეთში 11 სკოლა აშენდება, 65–ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

529

განათლების მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს სამცხე–ჯავახეთში 65–მდე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 11 კი აშენდება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელს კითხვა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა დაუსვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“მოგეხსენებათ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 500-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მე როგორც მაჟორიტარმა, მინდა გკითხოთ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტის, რომელ სკოლებში იგეგმება სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები და რომელში ახალი სკოლების მშენებლობა?! აქვე მინდა გთხოვოთ, თუ შესაძლებელია ამ ეტაპზე გვითხრათ სამუშაოების დაწყების და დასრულების სავარაუდო თარიღები“,- ამ კითხვით მიმართა ანტონ ობოლაშვილმა განათლების მინისტრს.

მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ სამცხე–ჯავახეთში 65-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, 11 კი აშენდება.

„სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით 65–მდე სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული და 11 ახალი სკოლა აშენდება. რაც შეეხება კონკრეტულ სკოლებს ამ ნუსხას ცალკე მოგაწოდებთ“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.