ზუგდიდის მერიის პასუხი პროტესტანტებს: სოფელ ნაცატუში გზა სრულად 2021 წლამდე ვერ რეაბილიტირდება

522

წინა სტატია

ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავამ ნაცატუელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ნახეს.

მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სოფელში გზის პრობლემას, ეს საკითხი შესწავლილია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

ფარულავას განმარტებით, სოფელ ნაცატუში გზის საფარის დაგება წელს ვერ მოხერხდება. გიგა ფარულავას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა, ხოლო 2021 წელს დაგეგმილია მისი სრული რეაბილიტაცია.

“ეს საკითხი ზუგდიდის მერიის მიერ შესწავლილია, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის სამოქმედო გეგმით უკვე გათვალისწინებული გვაქვს არსებული გზის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე დაწყებულია გზის მოხრეშვა-მოგრეიდერება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ , მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ყველამ ვიხილეთ. ზუგდიდის მერია მხოლოდ მიმდინარე წელს ქალაქის 60 გზის რეაბილიტაციას და სოფლებში 30-მდე გზის რეაბილიტაციას ახდენს“, – ამბობს ფარულავა.

აქციის მონაწილეების თქმით, მერის მოადგილესთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა და ეს არ არის ის, რასაც ითხოვდნენ – მოხრეშვის ნაცვლად ბეტონის საფარს. ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები პერიოდულად გაგრძელდება.

შეკრებილებთან “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა მივიდა. მისი თქმით, მერი არ ხვდება მოსახლეობას და მათ “მეორე, მესამე და მეოთხეხარიხსოვან” ადამიანებს ახვედრებს.

მერიამდე აქციის მონაწილეები ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე იყვნენ შეკრებილი და მისი გადაკეტვაც სცადეს. პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რამაც დაპირისპირება და აქციის ერთი მონაწილის დაკავება გამოიწვია. ამის შემდეგ კი პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ამ დრომდე სამმართველოსთან რჩებიან.

სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია 27 აგვისტოსაც გამართეს. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია და პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

მაშინაც მათ მერის მოადგილე გიგა ფარულავა შეხვდა. მან სამუშაოების დაწყების ვადა ვერ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ სოფელ ნაცატუში გზა აუცილებლად გაკეთდება. გიგა ფარულავას განმარტებითვე, მუნიციპალიტეტის მერია, როგორც კი მოიპოვებს დაფინანსებას, დაიწყება გზის მშენებლობის სამუშაოები.