აქციის მონაწილეებსა და ზუგდიდის მერის მოადგილესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

700

წინა სტაატია

ზუგდიდის მერიაში დასრულდა სოფელ ნაცატუს მცხოვრებთა და მერის მოდგილე, გიგა ფარულავას შეხვედრა. ერთ-ერთი მონაწილის, ჯულიეტა აბულაძის თქმით, კონკრეტული შედეგის გარეშე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისგან როგორც ადრე, ახლაც იგივე პასუხი მოისმინეს, რომ გზა მოიხრეშება და ბავშვებს სკოლაში გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ, თუმცა, ბეტონის გზა 2021 წლამდე არ ექნებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ბეტონს სჭირდება მილიონიო, ამას 20 ათასიო. ამას რამდენჯერაც დაგჭირდებათ, იმდენჯერ გადაგიხდითო, ოღონდ ბეტონს ნუ მოგვთხოვთო. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ სკოლაში, მე ჩემს შვილებს, ჩემი სოფლის ბავშვებს არ გავუშვებ სკოლაში უბრალოდ”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

მისივე თქმით, პატარა ბავშვებითაც რომ მოუწიოს მერიასთან დგომა, სანამ მიზანს არ მიაღწევს, პროტესტს გააგრძელებს.

ნაცატუელები მერთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა მათ ვიცე მერი შეხვდა, რადგან უთხრეს, რომ გიორგი შენგელია ადგილზე არ იმყოფება.

შეხვედრის მონაწილეებთან “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მივიდა. მან შეკრებილების საჭიროებები მოისმინა და განაცხადა, რომ მერი გიორგი შენგელია მაშინ არ არის სამუშაო ოთახში, როცა მოსახლეობა მასთან ითხოვს შეხვედრას კონკრეტული პრობლემებით.

უგულავას თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველას შეუძლია ნახოს, თუ რას აკეთებდა მერი – დადიოდა “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად და “ხსნიდა შამპანურებს”, დაყვებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას “აქსესუარივით”, თუმცა როგორც კი ხალხი მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, იმ წამსვე არ არის, მივლინებაშია, ან გასულია და “მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვან ადამიანებს” ახვედრებს შეკრებილებს, რომლებიც ნაცატუს მცხოვრებლებს “ხრეშით ევაჭრებიან”.

“რა თქმა უნდა, ძალიან მიუღებელია, თუ რაიმე ფორმით პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორმა არ ეცვა და ისიც, რომ როცა ადამიანი უყურებს, რომ მის ცოლს ვინმე არასწორად შეეხო, უფორმო ადამიანი, ათასი რაღაც შეიძლება იფიქროს. მთავარი დამნაშავე არის უყურადღებობა ამ უწყების შენობაში მოკალათებული ადამიანების”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, პირველი აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საკრებულოს უმრავლესობამ მილიონით გაზარდა ბიუჯეტი, რისი უფლებაც არ ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და ეს დარღვევაა. ამ მილიონიდან კი დაახლოებით 50-70 ათასი ლარი სჭირდება სოფლის გზის რეკონსტრუქციას. იმ ხრეშის ატანას და მიყრას კი, პირველი წვიმა რომ ჩამორეცხს, გზის საფუძვლიანი შეკეთება სჯობს.

შეკრებილთა პრობლემაზე მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

აქციის მონაწილეებმა მერიიდან პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლეს, სადაც აქციაზე დაკავებული მათივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. შეკრებილთა მოთხოვნა დაკავებულის გათავისუფლებაა.

მერიასთან შეკრებამდე აქციის მონაწილეები ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე იყვნენ შეკრებილი და მისი გადაკეტვაც სცადეს. პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რამაც დაპირისპირება და აქციის ერთი მონაწილის დაკავება გამოიწვია.

შსს-ში ადასტურებენ ერთი პირის დაკავებას და იმას, რომ ის პოლიციაშია გადაყვანილი. რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ფაქტს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია 27 აგვისტოსაც გამართეს. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია და პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

მაშინაც მათ მერი მოადგილე გიგა ფარულავა შეხვდა. მან სამუშაოების დაწყების ვადა ვერ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ სოფელ ნაცატუში გზა აუცილებლად გაკეთდება. გიგა ფარულავას განმარტებითვე, მუნიციპალიტეტის მერია, როგორც კი მოიპოვებს დაფინანსებას, დაიწყება გზის მშენებლობის სამუშაოები.