ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი პროექტით აშენდება

527

სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა.

ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში 147 განცხადება შევიდა, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემდეგი ეტაპი შესული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირებაა.

„სიახლეა სახლების პროექტშიც. სოციალური სახლების ახალი პროექტი, „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილ კომისიას, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ წარუდგინა. ახალი პროექტით იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.