საქართველოს მთავრობა: მესტიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება

718

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მთავრობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა.

„როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება.

აგრეთვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid – რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.

რეგიონულ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.