სუბარი: მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება

485

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რეგიონულ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საკითხის მოსაგვარებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება.

„პროდუქტის და ზოგადად, მარაგებთან დაკავშირებით ცხადია, პრობლემა არ შეიქმნება. როგორც ყოველთვის ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისინი ჩაერთვებიან. რაც შეეხებათ ტურისტებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს. ცხადია, დისკომფორტი არის, როდესაც დასასვენებლად ჩადიხარ და აღმოჩნდება, რომ იქ ეპიდემიის ახალი კერაა, ეს არ შეიძლება დისკომფორტი არ იყოს, თუმცა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი მინიმალური იყოს“,-განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, 28 დღიანი საკარანტინო ვადა შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის დამყოლობა მაღალი იქნება და ისინი საჭიროებისამებრ ტესტირებას ჩაიტარებენ.

„კიდევ გავიმეორებ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ვირუსის მართვა, მინიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მოსახლეობას და ისე უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დაუჯეროს ექიმებს, დაუჯეროს შტაბს, ხელისუფლებას. ყველამ გაიკეთოს ტესტირება, ვინც უნდა გაიკეთოს. სავარაუდოდ, ეს იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა. თავდაპირველად რამდენიმე სოფელი, თუმცა, მთლიანობაში მთელ მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს ტესტირება. რაც ჩქარა დასრულდება ეს პროცესი და რაც უფრო მალე გამოვავლენთ ყველა კონტაქტს და დაინფიცირებულს, მით მალე მოიხსნება კარანტინი“,- განმარტავს სუბარი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.