უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეს გულისხმობს იმას, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი.
დამატებითი რეგულაციები საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში მოახდენენ პატრულირებას. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.
გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.
რეგიონულ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.