მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა შეიზღუდა

923

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა უკვე შეზღუდულია , – ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„ამ მომენტისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყება და მოძრაობა უკვე შეზღუდულია. რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

„ამ ეტაპისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაიენებით, 28 დღის ვალდებულება არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.