სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ვითარების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, 12 ჯგუფის დამატება.
ვიბლიანის განცხადებით, ტურისტების გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეებში.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები მზადყოფნაშია და საჭიროებისამებრ იქნება ბრიგადები დამატებული მესტიის მუნიციპალიტეტში.
ტურისტების განთავსება მოხდა საკარანტინე სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში.
დღეისთვის მუშაობდა ხუთი ბრიგადა და სავარაუდოდ, 12 ბრიგადის დამატების შესაძლებლობა არის. სიტუაციიდან გამომდინარე, ვითარების შეფასება მოხდება და შესაბამისად, ბრიგადების დამატებაც. ამ ეტაპისთვის 400-მდე ადამიანია დატესტილი”, – აცხადებს ვიბლიანი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.
გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.
რეგიონულ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.