ზუგდიდის მერიას ძველი განცხადების თვითნებურად ხელახლა დარეგისტრირებისთვის უჩივიან

586

წინა სტატია

ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა და მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მერიამ და კანცელარიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, კანცელარიის თანამშრომელმა ჯერ კიდევ 5 ივნისს მერიაში შეტანილი განცახდება, რომლის პასუხიც ორი თვის განმავლობაში არ მიუღიათ, თვითნებურად გაატარა ხელმეორედ 29 ივლისს, უკვე 30 ივლისს კი მერის, გიორგი შენგელიას ხელმოწერით პასუხიც მიიღო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ნანა ფირცხელავამ ჟურნალისტების თანდასწრებით საპატრულო პოლიციას გამოიძახა და “დანაშაულის ჩამდენი” პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა. უფლებადამცველის განმარტებით, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ მერიაში, მერთან შეხვედრის და “წართმეული” მიწის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ, კანცელარიის თანამშრომელმა სთხოვა რამდენიმე წუთით დოკუმენტი, რომელიც მიაწოდა, რადგან იფიქრა, რომ რაიმეს გადამოწმება სურდა, ამ დროს კი ორი თვის წინანდელი განცხადება ხელახლა, მასთან შეუთანხმებლად დაარეგისტრირა.

“29 ივლისს მერისთვის არ მიმიმართავს. არ მითქვამს, რომ გაეტარებინათ განცხადება. თვითნებობა კიდევ სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ ორი თვის განმავლობაში ვის ეწერა ეს განცხადება, მისი დანაშაული დაფარა ამ ქალბატონმა. თუ არასათანადო პირის სახელზე იყო ეს განცხადება და რეაგირება არ იყო მომხდარი, მაშინ პასუხი უნდა აგოს იმ ქალბატონმა. მოხდა ჩემი უფლებების დარღვევა. სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ხელშეშლა”, – უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

მანვე მერიის წინააღმდეგ საჩივარი წარმოადგინა და საქმის დაჩქარებული წესით გამოძიება მოითხოვა.

თავის მხრივ, მერიაში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ შესაბამისი სამსახური მოიკვლევს მომხდარს და თუკი გადაცდომა დაფიქსირდება, საჭირო ზომებს მიმართავენ.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ 31 ივლისს გამოთქვა მზადყოფნა შეხვედროდა მანანა მიქავას და მის ადვოკატს, თუმცა მას უფლებადამცველი და ბიზნესმენის შვილი შეხვდნენ. თავად მანანა მიქავამ უარი განაცხადა გიორგი შენგელიასთან საუბარზე. თქვა, რომ ის ფეხით გეგმავს თბილისში ჩასვლას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქციის გამართვას.

მისი განმარტებით, ურეკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ უთხრა, რომ ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიას სწორედ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლობირებს და ზუგდიდელი ბიზნესმენი ვერაფერს გახდება. სწორედ ივანიშვილთან შეხვედრა და ვითარებაში გარკვევა სურს მანანა მიქავას. ამბობს, რომ თავად არ სჯერა პროკურორის სიტყვების, თუმცა უნდა ამ ყველაფერში დარწმუნდეს.

“ეს იქნება აქცია არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ჩემი ქონების დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, მასთან შეხვედრას მოვახერხებ”, – აღნიშნა მანანა მიქავამ.

ზუგდიდელი ბიზნესმენი და მისი ადვოკატი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მათივე საჩივართან დაკავშირებით.

მათ მერთან შეხვედრის და მიწის დაბრუნების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიაში საპროტესტო აქცია 29 ივლისსაც გამართეს. მაშინ ეს შეკრება გიორგი შენგელიასთან შეხვედრის გარეშე დასრულდა.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა, რომელიც წლებია დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. შესყიდვის პირობებიდან გამომდინარე, მას ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ნაკისრი ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და “ლაზიკა კაპიტალისგან” დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.