შპს “აკვაპარკის” საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ. მასთან ერთად მერიაში მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინფორმაციას ლაივპრესი
ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანანა მიქავა ადვოკატთან ერთად სამი საათის განმავლობაში ითხოვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ გიორგი შენგელიასთან შეხვედრას, თუმცა, არავინ გამოხმაურებია.
მანანა მიქავას განმარტებით, ჯერ დაპირდნენ, რომ მერი შეხვდებოდა, თუმცა, ბოლოს უთხრეს, გიორგი შენგელიას არ ეცალა და ეს შეხვედრა ვერ შედგებოდა.
ბიზნესმენის თქმით, იგივე მოთხოვნით მერიასთან ზეგ, 31 ივლისსაც შეიკრიბებიან და თუკი არავინ გამოეხმაურება, თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე ფეხით ჩავა.
მანანა მიქავას ინფორმაციით, სწორედ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლობირებს მისი მიწის საკითხს, რის შესახებაც მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განუცხადა, როცა ურეკში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ილია ჯალაღანიამ უთხრა, რომ ამ მიწის შესახებ ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილია, და რომ მანანა მიქავა ტყუილად იბრძვის ე.წ გულუას პარკის ტერიტორიის დასაბრუნებლად.
ბიზნესმენის და მისი ადვოკატის, ნანა ფირცხელავას განცხადებით, მათ ხელთ აქვთ ორი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეს მიწა სწორედ მანანა მიქავას ეკუთვნის, ის დოკუმენტები კი, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობს, გაყალბებულია. სწორედ ამიტომ, მათ რამდენჯერმე მიმართეს მერიის შენობაში შეკრებილ სამართალდამცველებს, დაეკავებინათ დამნაშავე მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.
მანანა მიქავას გარკვეული პერიოდით გადაკეტილი ჰქონდა მერიის მეორე სართულზე, ცალ მხარეს ასასვლელი და გადაადგილების საშუალებას არც თანამშრომლებს და არც მოქალაქეებს აძლევდა. თუმცა რამდენიმემ მაინც მოახერხა ასვლა, რამაც ბიზნესმენი გააღიზიანა. შედეგად ის რამდენჯერმე პოლიციასაც დაუპირისპირდა, რადგან სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, მას ზემო სართულზე გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებთან რამდენიმე წუთით მივიდა ქუთაისში პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია, რომლის თქმითაც, აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა – ქალაქში სეირნობისას ხალხმრავლობით დაინტერესდა და დეტალებში გაერკვია. მისი სიტყვებით, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ბიზნესმენს მხარდაჭერა გამოუცხადა. გოგი წულაიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ბიზნესის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა პირიქით.
აქციაზე იმყოფებოდა მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშიაც, რომელმაც ხელისუფლება ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა.
მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა, რომელიც წლებია
დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. შესყიდვის პირობებიდან გამომდინარე, მას ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ნაკისრი ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და “ლაზიკა კაპიტალისგან” დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.
პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა, კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მან ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავა მოუგო.
კერძოდ, ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზუგდიდის მერიის სარჩელი შპს “აკვაპარკის” წინააღმდეგ და კომპანიის წარმომადგენელ მანანა მიქავას არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. ადგილობრივი ხელისუფლება მას შეუსრულებელ ვალდებულებებს ედავებოდა.
სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
ამ მიწის დაბრუნების მოთხოვნით ბიზნესმენმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.