მივიჩნევთ, რომ რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე აქცენტი მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ უნდა გაკეთდეს.
„თბილისში ორი ოლქის დაკომლექტებას ველოდებით. თავიდანვე ვთქვით, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქზე გვექნებოდა პრეტენზია, დანარჩენი ექვსი ოლქი მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გადავეცით, რომ დაკომპლექტება მომხდარიყო.
რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ვთვლით, რომ ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ მაჟორიტარებზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი. დღეს უფრო მეტად პროპორიცული არჩევნები გვაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
“ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში თავისი მაჟორიტარების წარდგენა სურს. “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს. ასევე, გირჩმა მოუწოდა ენმ-ს არ შეაფერხონ ოპოზიციის კონსოლიდაცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის 2 მოდელი შესთავაზა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან.
საკონსულტაციო ფორმატში გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი წარადგინა. უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობას” მადლობა გადაუხადა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას უნდა დაეფუძნოს ოპოზიციის საერთო კოორდინაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერში ჩატარდება.