იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებთ, ნუ იქნება ოპოზიციის კონსოლიდაციის შემაფერხებელი და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

1152

წინა სტასტია

შემდეგი სტატია

მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია მოხდეს, ყველანაირად ხელი შეუწყოს ამ პროცესს, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რეგიონებში ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიის საკითხზე.

„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ საერთო ოპოზიციური გაერთიანებითაა შესაძლებელი.

„ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით ოპოზიციურ ფორმატში მაჟორიტარებზე შეთანხმების პროცესში მონაწილეობაზე. გვინდოდა, ხელი არ შეგვეშალა ოპოზიციისთვის, რომ ისინი საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებულიყვნენ. ახლაც გვჯერა, რომ ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია საერთო ოპოზიციური ძალებით, თუ ოპოზიცია ყველა მაჟორიტარულ ოლქში მიაღწევს შეთანხმებას საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე და საერთო ბრძოლის ფორმატზე. ვინაიდან ეს იშლება და ჩემი აზრით, ეს დაშლა აწყობს ხელისუფლებას, გვაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, ვის გამოც ვერ ხერხდება საერთო ოპოზიციური შეთანხმება. ვინ არის ის ხალხი, ვინც შეიძლება შეგნებულად, შეიძლება შეუგნებლად, ახლა თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს. ჩემი აზრით, ეს იწვევს მთელი ოპოზიციური სტრატეგიის, მათ შორის „გირჩის’“ სტრატეგიის გადასინჯვას. მაშინ, როდესაც უკვე შეფერხებულია და ჩაშლილია ეს პროცესი, ჩვენ ავტომატურად გვიწევს ახლა პოლიტიკურ რეალობაზე მორგება და შესაბამისად, უკვე თანამშრომლობა, არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ, ამ პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალურ კანდიდატებთან, ყველა რაინში, მათ შორის, სადაც შეთანხმებულია სხვადასხვა მაჟორიტარული კანდიდატები“, – განაცხადა ხვიჩიამ. 

მისივე თქმით , არასერიოზულია, როდესაც ოპოზიცია თანხმდება მხოლოდ 6 საარჩევნო ოლქზე და 24 ოლქში კონსესუსს ვერ აღწევს.

„არ მიგვაჩნია სერიოზულად, ოპოზიციამ თქვას, შევთანხმდით ექვს რაიონში, მაგრამ ვერ შევთანხმდით დანარჩენ 24 რაიონში, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია მოხდეს, ყველანაირად ხელი შეუწყოს ამ პროცესს, ნუ იქნება ამ კონსოლიდაციის შემაფერხებელი და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოგვიწევს ინდივიდუარურად მაჟორიტარობის კანდიდატებთან საუბარი, მაგრამ გვინდა რომ აქამდე საქმე არ მივიდეს. გვინდა, მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატებით გავიდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არის გამარჯვების წინაპირობა და ყველა ძალა, რომელიც ამის საწინაადეგოდ მოქმედებს, მოქმედებს საერთო ოპოზიციური გამარჯვების წინააღმდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციას რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

„თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში – ასეთი ფორმულა თუ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სწორი იქნება, რომ ჩვენ – სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაციები და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი, მთავარი მაჟორიტარი, რომელიც კონკურენციაში იქნება, მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან, ხაზს ვუსვამ ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერში ჩატარდება.