როგორ უნდა წარადგინონ მაჟორიტარი კანდიდატები — “ევროპული საქართველოს” ორი მოდელი ენმ-ს

657

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის 2 მოდელი შესთავაზა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, რას გულისხმობს მათი შეთავაზება:

“პირველი, ფართო ვარიანტის მიხედვით ნაციონალური მოძრაობა აყენებს კანდიდატურას, რომელსაც ყველა სხვა, თბილისის შეთანხმების პარტია უჭერს მხარს ყველა დიდ ქალაქში ესენია: თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ხოლო ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს დანარჩენი პარტიების შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში: თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა ანუ ციფრი რომ გითხრათ, 11/8-ზე.”

ბოკერიას განცხადებით, პირველი შეთანხმების ვერსია საუკეთესოა, თუმცა მათ ნაციონალურ მოძრაობას შესთავაზეს მეორე, უფრო ვიწრო მოდელიც.”

“აქაც ჩვენ მათ ვუთმბდით ყველა დიდ ქალაქში კანდიდატს. ამ შეთანხმების მიხედვით, ვუთმობდით 8 ოლქს და ჩვენ მხარდაჭრას ვითხოვდით მხოლოდ 4 ოლქში, სადაც ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს, ესენია: ზემო აჭარა — ტარიელ ნაკაიძე, მარტვილი ან ფოთი — გიგი უგულავა, თერჯოლა, ზესტაფონი — გიგი წერეთელი, ხონი — კაკო ბობოხიძე”, — აცხადებს ბოკერია.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ კონსულტაციები აქვთ სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ შეთანხმებისკენ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ნაციონალური მოძრაობა გამოეთიშათ.

“დანარჩენები შევჯერდეთ, რათა ივანიშვილს იმავე კარტის გათამაშების შესაძლებლობა არ მივცეთ, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და რითაც მან გამოთიშა საპროტესტო ელექტორატის ნაწილი თამაშიდან”, — აცხადებს ბოკერია.

“ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში თავისი მაჟორიტარების წარდგენა სურს. “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს. ასევე, გირჩმა მოუწოდა ენმ-ს არ შეაფერხონ ოპოზიციის კონსოლიდაცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

საკონსულტაციო ფორმატში გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი წარადგინა. უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობას” მადლობა გადაუხადა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას უნდა დაეფუძნოს ოპოზიციის საერთო კოორდინაცია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერში ჩატარდება.