ბოკუჩავა არ გამორიცხავს, „ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს

514

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ საბურთალოს რაიონში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს დაუყენებენ, არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დააყენოს. ამის შესახებ მან, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საბურთალოს რაიონში აპირებენ კენჭისყრას, საკუთარი პოზიციების მაქსიმალური კოორდინირება მოახდინონ.

„ჩვენ როდესაც თბილისში 8 ოლქიდან 6 ოლქი დავთმეთ, ძალიან ცხადად ვთქვით და ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ, რომ იყოს ოპოზიციური შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ერთ ოპოზიციურ კანდიდატს თითო ოლქში. საბურთალოზე ჩვენი პარტიიდან არ არის წარდგენილი არცერთი კანდიდატი, მაგრამ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დაუყენეს უკვე ერთმანეთს კანდიდატები ან სავარაუდოდ აპირებენ, რომ დაუყენონ. ჩვენი მოწოდება ამ ეტაპზე არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაა, არამედ ჩვენი მოწოდება ამ ეტაპზე არის ის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი პოზიციების კოორდინირება იმ ოპოზიციურმა კანდიდატებმა, რომელთაც ახლა აქვთ სურვილი. ჩვენს ამომრჩეველს ჯერჯერობით ვერაფერს მოვუწოდებთ, რადგან ეს განცხადებები ოფიციალურად არ არის გაკეთებული, როდესაც კანდიდატები ოფიციალურად დადგებიან და მართლაც, თუ სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ის ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს მაინც დაუყენეს კონკურენტი კანდიდატები, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც დავაყენოთ კანდიდატი, თუ საერთოდ დაირღვა ოპოზიციური კონსენსუსი, რომელსაც ჩვენ ხელი შევუწყვეთ იმით, რომ დავთმეთ 6 ოლქი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში თავისი მაჟორიტარების წარდგენა სურს. “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს. ასევე, გირჩმა მოუწოდა ენმ-ს არ შეაფერხონ ოპოზიციის კონსოლიდაცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის 2 მოდელი შესთავაზა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან.

სერგი კაპანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს დრო წამოვიდეს იმ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ ერთობლივ კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსები ექნებათ.

საკონსულტაციო ფორმატში გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი წარადგინა. უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობას” მადლობა გადაუხადა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას უნდა დაეფუძნოს ოპოზიციის საერთო კოორდინაცია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერში ჩატარდება.