კაპანაძე: საბურთალოს ოლქში კანდიდატზე შეთანხმება, სავარაუდოდ, არ მოხერხდება, ამ მატარებელმა ჩაიარა

705

წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საბურთალოს ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე ოპოზიციაში შეთანხმება თუ ვერ მოხერხდება, ყველა პარტია საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

„საბურთალოს საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატის შეთანხმება თუ არ მოხერხდება, და სავარაუდოდ, არ მოხერხდება, როგორც ჩანს, ამ მატარებელმა ჩაიარა, ყოველ შემთხვევაში, ელისაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ჩავლის პირასაა, ასეთ შემთხვევაში, ყველა პარტია საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც იმაში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენის და ვერც იმაში, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და სხვა პარტიებმა დააყენონ. პირიქით, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში, განსაკუთრებით იქ, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიების, შეიძლება, მიზანშეწონილი იყოს, თავისი კანდიდატი ყველა პარტიამ დააყენოს, ოღონდ, ეს შეთანხმების ნაწილი იქნება“, – განუცხადა სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველ არხს.

თინა ბოკუჩავამ არ გამორიცხა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს. ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი დათმო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში წარადგინა.

მისივე განმარტებით, სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, ერთობა შეინარჩუნოს. რაც შეეხება რეგიონებს, ბოკუჩავას განცხადებით, თბილისში კოორდინაცია, ხოლო რეგიონებში კონკურენცია იქნება ის მოდელი, რომელიც ოპოზიციას მაქსიმალურ ხმებს მოუტანს.