„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონების ყველა ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი დააყენოს.
კაპანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს დრო წამოვიდეს იმ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ ერთობლივ კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსები ექნებათ.
„სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონების ყველა ოლქში დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ არის დრო, შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში მაქსიმუმ, მათ შეუძლიათ წამოვიდნენ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ხოლო სანაცვლოდ რამდენიმე ოლქში, კერძოდ, 4 ოლქში იქნება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ავიღეთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც 2018 წელს პირველი და მეორე ტურებში დადგა, ანუ ეს ის ოლქებია, სადაც თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ კანდიდატებს, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა კაპანაძემ.
“ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში თავისი მაჟორიტარების წარდგენა სურს. “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს. ასევე, გირჩმა მოუწოდა ენმ-ს არ შეაფერხონ ოპოზიციის კონსოლიდაცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციას რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.
“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის 2 მოდელი შესთავაზა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან.
საკონსულტაციო ფორმატში გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი წარადგინა. უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობას” მადლობა გადაუხადა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას უნდა დაეფუძნოს ოპოზიციის საერთო კოორდინაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერში ჩატარდება.