შესთავაზეს [“ოცნების” სიაში შეყვანა] და უარი არ უთქვამს, დილიდან ულოცავდნენ — აბაზოვის ცოლი

464

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ცოლი, ელინა აბაზოვი TV პირველს უდასტურებს, რომ მის ქმარს “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში შეყვანა შესთავაზეს, “რასაც დათანხმდა”. იგი არ აკონკრეტებს, თუ ვინ შესთავაზა მმართველი პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობა თემურ აბაზოვს:

“ვიცი, რომ შესთავაზეს და უარი არ უთქვამს. დეტალები არ ვიცი, რადგან თემური ამ დეტალებზე სახლში არ საუბრობს. დილიდან ურეკავდნენ, ულოცავდნენ, იგივე მარნეულიდანაც, ეთნიკური უმცირესობებიდან. გუშინ გავიგე და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები”.

ამ საკითხზე ინფორმაციის გადამოწმება On.ge-მ თემურ აბაზოვთანაც სცადა, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მარნეულის ყოფილი მერის პარტიაში დაბრუნებაზე ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, აბაზოვმა დაადასტურა, რომ შეთავაზება მიიღო.

თემურ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა. არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს  დააკავეს. მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ჯერ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. გამოძიება თემურ აბაზოვს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ პირს აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. თავდაპირველად, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.