მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ „ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება

628

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. ამის შესახებ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – აცხადებს თემურ აბაზოვი.

მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. გამოძიება თემურ აბაზოვს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.