ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

879

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.

ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა, მაგრამ მას უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიის ხუთეულში ჩასმაზე.

კომახიძესთან ერთად, თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. ვიცე-მერის თანამდებობაზე მან აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა, სწორედ ჩიქოვანი შეასრულებს მერის მოვალეობას.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლაზე ბრიფინგის გამართვას 13 ივლისს გეგმავდა, თუმცა, 13 ივლისს მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბათუმის მერი შვებულებაში იმყოფებოდა და რაიმე თემაზე ბრიფინგი დაგეგმილი არ იყო.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.