„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის გადადგომა გადაწყვეტილია

526

წინა სტატია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვებაა გადაწყვეტილი.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ლაშა კომახიძის გადადგომა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა იგი შვებულებაში გაუშვეს, რათა განცხადება 15 ივლისის შემდეგ დაწეროს.

კირთაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება და მმართველი გუნდი მერის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარ კანდიდატს დანიშნავს.

კირთაძე ამტკიცებს, რომ მერის გადადგომის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირებას უკავშირდება.

„თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ ხულოს მერის შემდეგ სახლში გაუშვას ბათუმის მერი ისე, რომ ბათუმელებს წაგვართვა კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი. კომახიძე რატომ გაუშვა შვებულებაში? იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცალსახად წერია, თუ მერი უფლებამოსილებას 15 ივლისამდე შეუწყვეტს, არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს.

თუ 15-ის შემდეგ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, არჩევნები ტარდება მომავალი წლის გაზაფხულზე იმ შემთხვევაში, თუ არ არის არჩევნები. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 2021 წლის სექტემბერში ისეც ტარდება არჩევნები. ამიტომ ბატონმა რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დაანიშნოს და წელიწადნახევრის მანძილზე ყოველგვარი ხალხის მანდატის გარეშე ეყოლება მისი მორჩილი შემსრულებელი“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის განცხადებით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სთხოვს, რადგან მასთან დაპირისპირებაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და “ქართულ ოცნების” პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს, რაზეც უარს ეუბნებიან.

ცნობისთვის, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლას და 13 ივლისს მედიისთვის განმარტების გაკეთებას გეგმავდა. თუმცა, დღეს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბრიფინგი არ გაიმართება.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს გასდის.