აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ახალციხეში “უზუნჩაირის” მთა კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა დატოვეს

531

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აქციის მონაწილეების მთაში ასვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მომთაბარე მწყემსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა, რომლებსაც 15 000 ცხვარი და 300 სული საქონელი ჰყავთ მიბარებული, დროებითი საცხოვრებელი სახლების დაშლა დაიწყეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ე.წ უზუნჩაირის მთაზე, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის 13 სოფლის სათიბები და საძოვრებია, კახეთიდან ასობით ცხვარი და ძროხა ერთი თვის წინ აიყვანეს.

ახალციხის სოფლებში მცხოვრები მოსახლება მომთაბარე მწყემსების მათი სათიბებიდან გაყვანას 20 დღეა ითხოვენ.

„ხუთი ოჯახი ვართ ჩამოსული კახეთიდან, 20 დღის განმავლობაში მოვდიოდით, არ ვიცოდით თუ ეს კერძო საკუთრება იყო, ჩვენ დაქირავებული მწყემსები ვართ. 15 000 ცხვარი და 300 სული ძროხა გვყავს, ბავშვებით ვართ ჩამოსულები. დღეს პოლიცია ამოვიდა და გვითხრა ეს ტერიტორია უნდა დატოვოთო, მივდივართ, მაგრამ არ ვიცით სად, პირუტყვის მეპატრონე მოვა და გადავწყვეტთ“, – ამბობს ბახმან რახიმოვი.

მთაში ადგილობრივებთან ერთად პოლიციის და ახალციხის მერიის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

ჭაჭარაქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მწყემსებს პოლიციის და მერიის თანამშრომლებმა თავდაპირველად აბის მთაში გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ ისინი არ დათანხმდნენ.

„აბის მთაშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის საძოვრებია, ჩვენსავით ისინიც დაზარალდებიან, ამის ნებას არ მივცემთ, როგორც გავიგეთ მერიას ურალები მოჰყავს და მწყემსებს ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარებიან, ისევ კახეთში უნდა დააბრუნონ“, – აცხადებენ ჭაჭარაქში მცხოვრებლები.

ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო  აქცია ორჯერ გამართა. ისინი ე.წ უზუნჩაირის მთიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვდნენ, დღეს მერთან ზაზა მელქიძესთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმაგადაწყვიტეს, რომ “პრობლემას თავად მოაგვარებდნენ” და მთაში წავიდნენ.