სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილების ნაწილი მთაში, მომთაბარე მწყემსების მათი ტერიტორიიდან გასაყვანად წავიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დახმარებას არ აპირებს, ამიტომ პრობლემებს თავად მოაგვარებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეების ნაწილი „უზუნჩაირის“ მთისკენ მიემართება. მათთან ერთად მთაში მიდიან სამართალდამცველებიც.
„მერთან ვიყავით შესულები, გვითხრა, გთხოვთ გააჩერეთ ხალხი 2–3 დღითო და ამ დროში პასუხი იქნებაო. 20 დღის წინაც შევხვდით მერს, მაგრამ შედეგი არ არის. ჩვენ დავკარგეთ სათიბები, ამიტომ ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ამ საკითხს “, – ამბობს ჰაიგულან ალექსანიანი.
აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ მწყემსებთან მოლაპარაკებას ადგილობრივი თვითმმართველობა და პოლიცია უკეთესად შეძლებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონიერად უნდა მოხდეს ყველაფერი. დაველოდებით გამოძიებას და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენი სოფლიდან არ წასულან მთაში. დღეს მერიის წარმომადგენლებს კიდევ შევხვდებით და დავილაპარკებთ“, – ამბობს სოფელ ჭაჭარაქის მკვიდრი გრიგოლ ბეგოიანი.
ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მომთაბარე მწყემსების ჩამოყვანა უკანონოდ მოხდა, შესაძლებელია გამოვლინდეს თაღლითობის ფაქტიც, ამიტომ იგი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ დამოუკიდებლად მოქმედებისგან: “არის რამდენიმე პიროვნება ჩარეული, ვინც ესენი [მწყემსები] ჩამოიყვანა, არ ვიცი მოტყუებით თუ შეთანხმებით, არის საუბარი შესაძლო გარიგებებზე და შესაძლებელია იყოს თაღლითობის ფაქტიც, ამაზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებენ”.
მერი აცხადებს, რომ ადგილობრივების მთაში ასვლა მწყემსებთან დაპირისპირებას გამოიწვევს.
“თქვენ დაზარალებული მხარე ხართ, ვიღაცამ არ გამოგიწვიოთ იქ და დანაშაული არ ჩაგადენინონ, ამიტომ ვცდილობთ ცივილიზებულად მოვაგვაროთ ეს საკითხი”, – მიმართა შეკრებილებს მელიქიძემ.
მიუხედავად მერის მიმართვისა, აქციის მონაწილეების ნაწილი მთაში მაინც წავიდა, ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველობას დასახმარებლად დრო საკმარისი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.
ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციასთან დღეს, 10 ივლისსშეიკრიბა, ისინი მათი საძოვრებიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ.
მსგავსი აქცია ადგილობრივებმა 24 ივნისსაც გამართეს. მაშინ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. დღევანდელ შეხვედრას ამირანაშვილი არ დასწრებია.