“იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს” – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

525

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახალციხეში 13 სოფლის მოსახლეობა ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივის, ადგილობრივები მთიდან, სადაც სათიბები და საძოვრები აქვთ, მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ. მოქალაქეები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებიან. ამის შესახებს სამხრეთის კარიბჭე წერს.

„12 000 ცხვარია ჩვენს მთებში, განადგურებულია საძოვრები და სათიბები. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა, ვიღაცის იმედი აქვთ ალბათ, ისე ამდენს ვერ ჩამოიყვანდნენ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ამის გაგება გვინდა. თვეზე მეტია ვითხოვთ, რომ წაიყვანონ, თუ არა ჩვენ ავალთ მთაზე ოჯახებით, ცოლ–შვილით და გავყრით. 30 სული საქონელი მყავს სად უნდა მოვთიბო, რომ ზამთარში ვაჭამო საქონელს? უკვე მეორედ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გვეუბნებიან დღეს–ხვალ, მაგრამ შედეგი არ არის, როგორ შეიძლება ასე? არ ჰყავს პატრონი“, – ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები მინას სარქისიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სათიბებში ასობით ცხვარს და ძროხას დაქირავებული მწყემსები აძოვებენ.

„არ ვიცით ზამთარში რით უნდა გამოვკვებოთ პირუტყვი. 70 სული საქონელი მოგვპარეს და არავინ გვეხმარება მათ მოძებნაში, ვინმე ხომ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი, რომ მოსახლეობას დაეხმაროს“, – ამბობს გიორგი მინასიანი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 13 სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი, ისინი იქამდე არ წავლენ, ვიდრე მხარის რწმუნებულს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ შეხვდებიან.

„15–20 დღეში სათიბად უნდა ავიდეთ მთაში, მაგრამ იქ გასათიბი არაფერია, რა უნდა ვქნათ ზამთარში? მაშინ მოგვიტანონ 1 500 პრესი თითო ოჯახს და ხმას აღარ ამოვიღებთ. შეხვედრას ვითხოვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან“, – ამბობს სოფელი ჭაჭარაქის მკვიდრი მინას სარქისიანი.

მსგავსი აქცია ადგილობრივებმა 24 ივნისსაც გამართეს. მაშინ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა.