მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 22 მაისიდან დღემდე თეთრიწყაროს რაიონში ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო თეთრიწყაროს რაიონს. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონში არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. 22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.
ამიტომ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ადგილობრივებს უნდა მოვუწოდოთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ და დავიცვათ ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 801 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 644 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.