10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა

3363

10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად 15 მაისს დაიწყო და როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 24 მაისის მდგომარეობით, სულ დარეგისტრირებულია 57 443 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 – ლარიან დახმარებას მოიცავს და პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. ხოლო იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა. კომპენსაციის მიღების მიზნით თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია კომპენსაციის მიღების წესისა და რეგისტრაციის შესახებ: https://www.moh.gov.ge/ka/744/

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი, დახლოებით, 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა აღნიშნული კომპენსაცია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.