მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი, დახლოებით, 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ და აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
საგულისხმოა ის, რომ საქსტატის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით, 850,000 თვითდასაქმებულია, თუმცა, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც დაამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა აღნიშნული კომპენსაცია. დადგენილების თანახმად, კომპენსაციებს მიიღებენ:
1. ინდივიდუალური მეწარმეები;
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან;
3. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და პირები, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
(შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება პირის მიერ სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა);
4. ასევე, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.
ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები კომპენსაციის სახით მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს. განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით
ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე – https://eservices.rs.ge /;
ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ამასთან, პირები, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი), კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით:
ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).
მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
ასევე, დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.