სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებით, მიუხედავად იმისა, სოფელ შუქრუთში პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი და ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გულგრილი რჩება. 11 მაისს აქციის სამმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.
შუქრუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები, იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.
“იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ფაქტიურად განუსაზღვრელი ლიცენზიის პირობებში საქმიანობს და გაუმჭირვალე პრაქტიკებით გამოირჩევა, მოსახლეობის წუხილი იმის შესახებ, რომ მოპოვება ზიანს აყენებს მთელი სოფლის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას იმსახურებს. მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ არასათანადო ზედამხედველობის პირობებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები საფრთხის შემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს რეგიონის ბუნებრივ გარემოს”, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ პროტესტი ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მომპოვებელი კომპანიის წინაშე ტოვებს, ხოლო ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობას ირიდებს.
“შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში სოფელი შუქრუთის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი გარემოსა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. ჯერ კიდევ 2020 წელს შესული მიმართვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც საკითხს დამოუკიდებლად და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებით შეისწავლიდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შუქრუთის მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გამოვლენილი გულგრილობა არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ მთლიანად ჭიათურაში არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისისთვის დამახასიათებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიყენებული ზიანისა და კომპენსაციის განსაზღვრისთვის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოს. ამასთან, პროტესტის მონაწილეთა მიმართ რეპრესიული ზომების გატარება არ დაუშვას.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, დროულად გამოეხმაურონ შუქრუთის პროტესტს. ამასთან, ისინი მოუწოდებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სოფლის ტერიტორიაზე ჩაატაროს ინსპექტირება და დაადგინოს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შესაბამისობა სალიცენზიო პირობებთან. ხოლო ჯორჯიან მანგანეზს მიუთითებს, გაასაჯაროვოს მოპოვებული ინფორმაცია გეოლოგიური და ეკოლოგიური გავლენების შესახებ.