არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მარტივი იქნება და დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერმინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი თვითდასაქმებულებს ეხება. პრემიერის თქმით, თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. მისი განცხადებით, ბიუჯეტს ეს ნაბიჯი დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.