სურამში მცხოვრები დოდო ხუჭილავა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თავს დაზარალებულად თვლის და კომპენსაციის სახით 20 000 ლარს ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ხუჭილავა ამბობს, რომ გიორგი გურასპაშვილის მერობის პერიოდში, 2020-2021 წლებში, სურამში წყალგაყვანილობის სამუშოები უხარისხოდ შესრულდა, რამაც მისი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ხუჭილავა მერიის მხრიდან კომისიის შექმნას, ზარალის შესწავლასა და ანაზღაურებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას სასამრთლოში უჩივლებს.
“ჩემი სახლის წინ ისე უხარისხოდ შეასრულეს წყალგაყვანილობის სამუშაოები, რომ წყალი ჩემს სახლში ჟონავდა, რის გამოც დამიზიანდა სახლი. მაშინდელ მერთან, გია გურასპაშვილთან მქონდა უსიამოვნო საუბარი ამ საკითხზე. მოვითხოვ შეიქმნას კომისია, დადგინდეს ზარალი და როგორც წესიერ ქვეყნებში ხდება, იყოს ეს ზარალი ანაზღაურებული,”- ამბობს დოდო ხუჭილავა.
აუნაზღაურებს თუ არა მოქალაქეს ზარალს ხაშურის მერია, ამ დროისთვის უცნობია. ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, წინამორბედის მერობის პერიოდში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზარალებული მოქალაქის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.