ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. ამასთან, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ უფასო ფსიქოკონსულტაციით ისარგებლონ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445 შეუძლიათ მიმართონ.
„8 ოქტომბერს, 26 მაისის ქ. #13-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ბათუმის მერია, კიდევ ერთხელ, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ჩამონგრეული კორპუსისა და მიმდებარე სადარბაზოების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დაწყებულია ექსპერტიზა. დასკვნის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
მანამდე კი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მაცხოვრებლების სახლში შესვლა შეზღუდულია. პარალელურად მოწმდება მიმდებარე სახლების მდგომარეობა. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით.
ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.
ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით. ბოლო დღეების განმავლობაში, ბათუმის მერიის სამსახურები, სამაშველო სამსახურთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ჩართულები იყვნენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში. დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.