ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.
„საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.
„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, – განმარტა მან.
რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით.
„კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ასევე, ჯანდაცვის მინისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტურისტების შემოსვლის რეგულაციებთან მიმართებით ინტენსიურად მუშაობს.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება, ასევე ხვალიდან მოიხსნება მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვაც. თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჯერ ვერ აღდგება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.