მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება. ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტს ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება ნელ-ნელა აღდგენა გავაკეთოთ. ჩვენი წარმატების ძირითადი მზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი“, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 723 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.