გადასახადი, რომელიც გორის სოფლებში პანდემიის დროს გადაახდევნეს, ჭაბურღილის ელენერგიის ხარჯია

786

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაურკვევლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც მოსახლეობას “წყლის გადასახადი” გადაახდევინეს. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როგორც ცნობილია, მომხმარებლები ამ გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. შიდა ქართლის საინფორაციო ცენტრის ცნობით, მათ გაარკვიეს და ეს გადასახადი, ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარავად, შეაგროვეს. ათეულობით სოფელში სასმელი წყალი ჭაბურღილის მეშვეობით მიეწოდებათ. ჭაბურღილი კი ელექტროენერგიაზე მუშაობს.

გორის მუნიციპალიტეტში ასამდე ჭაბურღილი ა(ა)იპ ,,გორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის” ბალანსზეა. დიდი რაოდენობით დავალიანების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით, ქვითრები მაინც დაარიგეს.

სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თუკი თანხა ვერ შეგროვდება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ,,ენერგოპრო” დენის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. საგანგებო მდგომარეობა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 22 მაისამდეა გამოცხადებული.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ჭაბურღილის ელექტროენერგიის გადასახადი თითო ოჯახზე ყოველთვიურად 5-დან 7 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადი ხელზე გადაახდევინეს. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობდნენ.

მთავრობის 2020 წლის 3 აპრილით დათარიღებული დადგენილების თანახმად, 3 თვის განმავლობაში დენზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე შეღავათები დაწესდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.